მედიის ცნობით, სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის რეჟიმი - ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა
მედიის ცნობით, სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის რეჟიმი - ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა

სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის რეჟიმი – ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიღებული დადგენილებით, სლოვაკეთის ეროვნულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია და უკრაინის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. სლოვაკმა კანონმდებლებმა მიღებული რეზოლუციით ასევე დაგმეს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი და ირიბი მუქარები.

სლოვაკეთის პარლამენტი ასევე მხარდაჭერას უცხადებს აგრესიის დანაშაულთა გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ძალისხმევას. ამავე დროს, დოკუმენტი გმობს ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს სლოვაკეთის ტერიტორიაზე.

დეპუტატები მოუწოდებენ სამართალდამცველ ორგანოებს, სადაზვერვო სამსახურებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, სათანადოდ შეაფასონ საფრთხე და მიიღონ ეფექტიანი ზომები სლოვაკეთში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით.