მედიის ცნობით, სირიაში დრონებით თავდასხმის შედეგად აშშ-ის ბაზაზე ექვსი ქურთი მებრძოლი დაიღუპა
დრონებით თავდასხმის შედეგად, სირიაში მდებარე აშშ-ის ბაზაზე ექვსი ქურთი მებრძოლი დაიღუპა.
როგორც „ბიბისი“ „სირიის დემოკრატიულ ძალებზე“ დაყრდნობით იუწყება, უპილოტო საფრენი აპარატი სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს და ის დეირ ალ ზორის პროვინციაში, ალ-ომარის ნავთობის საბადოს სიახლოვეს მდებარე სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობით, იერიშის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან.
სირიელი ქურთების ძალებმა თავდაპირველად მომხდარში „სირიის რეჟიმის მხარდაჭერილი დაქირავებული მებრძოლები“ დაადანაშაულეს, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ თავდასხმა ირანთან დაკავშირებულმა სამხედრო დაჯგუფებებმა განახორციელეს.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-მა იერიშები მიიტანა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების 85 სამიზნეზე, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-მა იერიშები მას შემდეგ განახორციელა, რაც 28 იანვარს იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.