მედიის ცნობით, სი ძინპინი ჩინეთის ელჩებს მოუწოდებს, შექმნან „დიპლომატიური რკინის არმია“, რომელიც კომუნისტური პარტიის ერთგული იქნება და ქვეყნის ინტერესებს გაატარებს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ქვეყნის ელჩებს მოუწოდებს, შექმნან „დიპლომატიური რკინის არმია“, რომელიც იქნება კომუნისტური პარტიის ერთგული და ქვეყნის ინტერესებს გაატარებს. ამის შესახებ სი ძინპინმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება.
„გაბედეთ, გამოავლინოთ თავი ბრძოლაში და გახდეთ ეროვნული ინტერესების დამცველები. ეს აუცილებელია სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ეროვნული ინტერესების მტკიცედ დასაცავად, მზაობისა და მტკიცე ნების გამოვლინებით, რათა გამოიწვიოთ ძლევამოსილი სახელმწიფოები“, – განაცხადა სი ძინპინმა.
მან ასევე მოუწოდა ელჩებს, „მტკიცედ“ მიჰყვნენ პარტიულ დისციპლინას.
„როიტერის“ ცნობით, სი ძინპინმა სიტყვა – „მტკიცედ“ შვიდჯერ გაიმეორა.
„აუცილებელია წესებისა და დისციპლინის წინ დაყენება, საკუთარი თავის მკაცრად დისციპლინირება, მკაცრი პასუხისმგებლობის აღება და დიპლომატიური რკინის არმიის შექმნა, რომელიც იქნება პარტიის ერთგული, რომელსაც შეუძლია, იყოს კარგი ბრძოლაში და იცავდეს მკაცრ დისციპლინას“, – განაცხადა სი ძინპინმა.
სი ძინპინის თქმით, ასევე აუცილებელია საერთაშორისო გავლენის გაძლიერება, რათა დაამარცხონ ჩინეთის შესაკავებლად და ჩასახშობად მიმართული დასავლეთის მცდელობები.
„ჩვენ უნდა დავამყაროთ ფართო და ღრმა მეგობრობა, ხოლო ხალხის გულების მოსაგებად ბრძოლა მხოლოდ ტაძრებში კი არა, მასებს შორის უნდა ხდებოდეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ უცხოური ენა და მეთოდები, რათა კარგად მოვყვეთ ჩინეთის ისტორია“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.