მედიის ცნობით, შვეიცარიაში პოლიციასთან შეტაკებისას დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რომლებიც საფრანგეთში მოზარდის მკვლელობას აპროტესტებდნენ
მედიის ცნობით, შვეიცარიაში პოლიციასთან შეტაკებისას დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რომლებიც საფრანგეთში მოზარდის მკვლელობას აპროტესტებდნენ

საფრანგეთში მიმდინარე არეულობის ფონზე, საპროტესტო აქციები შვეიცარიასა და ბელგიაშიც გაიმართა, – ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.

მედიის ცნობით, 100-მდე ადამიანი შეიკრიბა შვეიცარიის ფრანგულენოვან ნაწილში, ქალაქ ლოზანაში. როგორც მედია წერს, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, მოზარდებმა რამდენიმე მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდებმა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. დაკავებულია 15-დან 17 წლამდე ასაკის შვიდი ადამიანი. მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან პორტუგალიის, სომალის, შვეიცარიის, საქართველოსა და სერბეთის მოქალაქეები.

ამასთან, დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელშიც, სადაც, მედიის ცნობით, პოლიციასთან შეტაკების დროს ათი ადამიანი დააკავეს.

საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.