შტორმის გამო დუბლინის აეროპორტში ასზე მეტი ფრენა გადაიდო, პრევენციული ზომები მიიღო ნიდერლანდების შიფჰოლის აეროპორტმაც, რომელმაც 130 ფრენა გააუქმა
შტორმის გამო ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის აეროპორტში 102 ფრენა გაუქმდა. ირლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტეს ნაწილში, მათ შორის დუბლინში, „ნარინჯისფერი გაფრთხილება“ გამოაცხადა.
მეტეოროლოგების ცნობით, ქარი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანებს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას, რის გამოც მათ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის ნაწილებში უფრო მკაცრი, „წითელი გაფრთხილება“ გამოცხადდა.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ შტორმი უახლოეს საათებში ნიდერლანდებამდეც მიაღწევს. ამიტომ პრევენციული ზომები მიიღო ნიდერლანდების ქალაქ ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტმაც და დღეისთვის დაგეგმილი 130 ფრენა გააუქმა.