მედიის ცნობით, შტორმი „იდალია“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება, მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა
შტორმი „იდალია“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალამდე გაძლიერდა. ინფორმაციას „ბიბისი“ აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია „კატასტროფული ზიანი“. პროგნოზის თანახმად, ქარიშხალი ფლორიდის სანაპიროს რამდენიმე საათში მიაღწევს, ამჟამად „იდალია“ ფლორიდის სანაპიროდან დაახლოებით 100 კილომეტრშია.
ფლორიდის 67 ოლქიდან 28-ში ევაკუაცია გამოცხადდა. გუბერნატორმა რონ დესანტისმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საშიში ზონები სასწრაფოდ დატოვონ.
მოსალოდნელი ქარის სიჩქარე საათში 215 კილომეტრია. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ „იდალია“ კიდევ უფრო გაძლიერდეს, ვიდრე ფლორიდის ბიგ ბენდის რაიონს დაატყდება თავს. ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ რეგიონს „კატასტროფული ტალღები და დამანგრეველი ქარი უახლოვდება“.