„როიტერი“ - სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე ნატო-ს სამხედროებმა პატრულირება გააძლიერეს
სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე ნატო-ს სამხედროებმა პატრულირება გააძლიერეს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. აღნიშნული პუნქტი კოსოვოში მცხოვრებ სერბებს აქვთ ჩაკეტილი. ისინი ქვეყანაში სერბული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ.
„როიტერის“ ცნობით, დღეს სერბეთის და კოსოვოს საზღვარზე ნატო-ს ჯავშანტექნიკა და სატვირთოები გადაადგილდებიან. კოსოვოს მთავრობაში ამტკიცებენ, რომ სერბული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლის აკრძალვა სერბეთის მთავრობის მიერ 2008 წელს მიღებული ანალოგიური შეზღუდვის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯია.
დაძაბულობას უკვე მოჰყვა ძალადობა. შაბათს კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებს თავს დაესხნენ. თავის მხრივ, სერბეთმა საზღვრის სიახლოვეს სამხედრო მანევრები წამოიწყო.
როგორც „როიტერი“ წერს, ნატო-ს მისია კოსოვოში 5 000 წევრისგან შედგება. სერბეთი კოსოვოს 1999 წლიდან აღარ აკონტროლებს. 2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.