მედიის ცნობით, სამხრეთ ფილიპინებში, ქალაქ მარავიში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
სამხრეთ ფილიპინებში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. აფეთქება ქალაქ მარავიში, მინდანაოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გიმნაზიაში 3 დეკემბერს მოხდა, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.
„სახალიფოს ჯარისკაცებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქეს ქალაქ მარავიში, ქრისტიანთა დიდ შეკრებაზე“, – ნათქვამია დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფილიპინების თავდაცვის მდივანმა, ჟილბერტო ტეოდორომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არსებობს „უცხო ელემენტის ძლიერი მინიშნებები“.
ფილიპინების უსაფრთხოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა შესაძლოა, შურისძიება ყოფილიყო ქალაქ მარავიდან დაახლოებით 200 კილომეტრში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე, რომლის დროსაც 11 ისლამისტი მეამბოხე მოკლეს.
ქალაქ მარავიში „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე მებრძოლები ხელმძღვანელობდნენ 2017 წელს ხუთთვიან ალყას, რასაც 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.