მედიის ცნობით, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიულმა პარტიამ, „ახალმა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა
მედიის ცნობით, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიულმა პარტიამ, „ახალმა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ, „ახალმა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 40.5% მიიღო, რითიც მიცოტაკისი მომდევნო ოთხი წლის ვადით პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს.

ოპონენტების მემარცხენე კოალიცია „სირიზამ“ ხმათა 17%-ის მიღება შეძლო, რაც 47 მანდატს უდრის. ასევე, სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში ადგილის მოპოვება შეძლეს ახლად შექმნილმა ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენელმა „სპარტანელებმა“.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში წელს საპარლამენტო არჩევნები უკვე მეორედ გაიმართა. 21 მაისს გამართულ არჩევნებში, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარდა, „ახალ დემოკრატიას“ უმრავლესობისთვის ხუთი მანდატი დააკლდა, მიუხედავად იმისა, რომ ხმათა 41%-ის მიღება შეძლო. 25 ივნისის არჩევნები კი ახალი კანონით გაიმართა, რომლის მიხედვით, გამარჯვებული პარტია 300-მანდატიან პარლამენტში დამატებით საბონუსე ადგილებს იღებს. პირველ ადგილზე გასული პარტია 20 ადგილს ინაღდებს, თუმცა მიღებული ხმები 40%-ს თუ აღემატება, ამ შემთხვევაში ბონუსით მიღებული ადგილების რიცხვი 50-ს შეადგენს. ამრიგად, კირიაკოს მიცოტაკისის პარტია ახალი მოწვევის პარლამენტში, სულ მცირე, 158 მანდატის მფლობელი იქნება.