მედიის ცნობით, რუსეთში სამხედრო კომისარიატზე თავდასხმა ტერაქტად ჩაითვლება
რუსეთში სამხედრო კომისარიატზე თავდასხმა ტერაქტად ჩაითვლება. ამის შესახებ განცხადება რუსეთის გენშტაბში გააკეთეს.
როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების ორგანიზაციული და მობილიზაციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა, მსგავსი თავდასხმა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
„ასეთი ქმედებები შეფასდება, როგორც ტერორისტული აქტი ან ტერორისტული თავდასხმებისკენ მოწოდება“, – განაცხადეს რუსეთის გენშტაბში.
ციმლიანსკის თქმით, ბოლო პერიოდში, რუსეთში სამხედრო კომისარიატებზე თავდასხმები, ხანძრის განზრახ გაჩენის, გაწვევას დაქვემდებარებული პირებისა და მათი მშობლების მიმართ მუქარის შემთხვევები გახშირდა.
ცნობისთვის, რუსეთში 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. მას შემდეგ სამხედრო კომისარიატებზე არაერთი თავდასხმა მოხდა.