მედიის ცნობით, რუსეთში, ბოლო რვა წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური ოპოზიციური აქცია გაიმართა
რუსეთში, ბოლო რვა წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური ოპოზიციური აქცია გაიმართა, დემონსტრაციებზე 270-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, – ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. დაკავებები რუსეთის ოთხ ქალაქში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, დონის როსტოვსა და ბრიანსკში განხორციელდა.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მოსკოვში მიმდინარე ოპოზიციურ დემონსტრაციას 60 ათასამდე ადამიანი დაესწრო, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიტინგს 20 ათასამდე მონაწილე ესწრებოდა.
რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა, იმართება. დემონსტრანტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ. აქციები ხშირ შემთხვევაში, მასობრივი დაკავებებით სრულდება.
სამართალდამცველებმა ამ დრომდე დემონსტრაციის დროს ორიათასამდე ადამიანი დააკავეს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განმარტებით, დაკავების მიზეზი მათი გეგმები იყო. როგორც სობიანინმა აღნიშნა, აქტივისტების ნაწილი ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმებს აპირებდა.
გაერო-მ და ევროკავშირმა რუსი სამართალდამცველების ქმედებები დაგმეს და რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის გამართვის უფლების დაცვისკენ მოუწოდეს.