„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთის მასშტაბით სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 1 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას „ბიბისი“ რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაცია OVD-info-ში განაცხადეს, რომ რუსეთის 38 ქალაქში გამართულ აქციებზე სულ მცირე 1 335 ადამიანი დააკავეს.

ყველაზე მეტი ადამიანი მოსკოვში და პეტერბურგში გამართულ აქციებზე დააკავეს. პროტესტები გაიმართა ასევე ირკუტსკში, ომსკში, უფაში, ეკატერინბურგში და სხვა დიდ ქალაქებში.

აქციები რუსეთის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

„ბიბისის” ცნობით, მოსკოვის პროკურატურის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ პროტესტის გამართვისთვის ან მასში მონაწილეობისთვის სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა იქნება.