მედიის ცნობით, რუსეთში 1998 წლის შემდეგ ყოველკვირეული ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
რუსეთში 26 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით ინფლაციამ 2,22 პროცენტს მიაღწია. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ინტერფაქსი“ ქვეყნის ფედერალური სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
მათივე ცნობით, 19-დან 25 თებერვლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი 0,45 პროცენტი იყო, 12-დან 18 თებერვლის ჩათვლით 0,24 პროცენტი, 5-დან 11 თებერვლის ჩათვლით 0,13 პროცენტი, 29 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით 0,19 პროცენტი.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ფასების ასეთი ყოველკვირეული ზრდა, რომელიც დაწესებული სანქციებითა და რუბლის შესუსტებით არის გამოწვეული, 1998 წლიდან ყველაზე მაღალია.
როგორც მედია წერს, ერთი კვირის განმავლობაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 1998 წლის დეკემბერში, როდესაც ინფლაცია მთელი თვის განმავლობაში 11,6 პროცენტი იყო.