მედიის ცნობით, რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ
რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ. ამის შესახებ „ბიბისის“რუსული სამსახური იუწყება.
როგორც მედია წერს, საპროტესტო აქციისკენ მოქალაქეებს დღეს მოძრაობა „ვესნამ“ მოუწოდა.
ამასთან, გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი წერს, რომ აქციები მცირერიცხოვანია.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დაარბია დემონსტრანტები ირკუტსკში, ულან-უდეში და ხაბაროვსკში. ირკუტსკში, ცენტრალურ მოედანზე მიტინგზე 60-მდე ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს ტომსკში. სპეცრაზმია მობილიზებულია ნოვოსიბირკსში.
რუსეთში მომუშავე უფლებადამცველთა მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 16,5 ათასი ადამიანი დააკავეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.