მედიის ცნობით, რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ უმანში, სულ მცირე, 14, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში კი სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ უმანში სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 3 წლის ბავშვია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ უმანში სარაკეტო თავდასხმის დროს დაზიანდა ათამდე საცხოვრებელი კორპუსი, აქედან ერთი მთლიანად დაინგრა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
კიევის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. ღამის განმავლობაში რუსეთმა 20-ზე მეტი რაკეტა ისროლა. სროლის შედეგად ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში სამი ადამიანი დაიღუპა, ჩერნიგოვის რაიონში კი ხიდი დაინგრა.