მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმიზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის ქალაქ სუმიზე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. დარტყმა განხორციელდა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, რის შედეგადაც არიან დაშავებულები და დაღუპულები. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნანგრევებიდან ათი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან რვას სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული. დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად კორპუსში 30 ბინაა დაზიანებული, აქედან 15 დანგრეულია.
ამასთან, 12 მარტს უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება იერიშის შედეგად მძიმედ დაშავებული ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.