მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიშის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი დაზიანდა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მძიმე არტილერიით მიიტანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 26 საავიაციო იერიში განახორციელეს. რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ოლქის დასახლებაზე მიიტანეს.
უკრაინის არმიის გენშტაბის მოხსენების მიხედვით, რუსეთი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე. ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოწინააღმდეგის სარაკეტო დარტყმების საფრთხე ისევ შენარჩუნებულია.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ზაპოროჟიეს რეგიონსა და ქვეყნის აღმოსავლეთში გაგრძელდება.