მედიის ცნობით, რუსეთის 53 ქალაქში 1 667-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ აქციებზე გამოვიდნენ
ბოლო მონაცემებით, რუსეთის 53 ქალაქში 1 667-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ აქციებზე გამოვიდნენ. ამის შესახებ currenttime.tv უფლებადამცველ ორგანიზაცია OVD-Info-ზე დაყრდნობით იუწყება.
უფლებადამცველების ინფორმაციით, დედაქალაქ მოსკოვში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. არსებული ცნობებით, დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ამჟამად „პუშკინის ძეგლთან“ ხალხი კვლავ შეკრებილია, რომლებიც სკანდირებენ მოწოდებას „არა ომს!“.
გარდა ამისა, 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს სანქტ-პეტერბურგში, 39 ეკატერინბურგში, 55 კრასნოდარში და 28 სარატოვში.
მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა „დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო არასანქცირებული ქმედებების ორგანიზებისა და ჩატარების თაობაზე პასუხისმგებლობის შესახებ“ გაფრთხილება გაავრცელა.