მედიის ცნობით, რუსეთის 21 ქალაქში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 600-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს
რუსეთის 21 ქალაქში ომის საწინააღმდეგო აქციებზე ასობით დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ მონიტორინგის ჯგუფ OVD-Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის გასაპროტესტებლად რუსეთის 21 ქალაქში გამართულ საპროტესტო აციებზე 600-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
ამასთან, „ბიბისი“ მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციის მიხედვით წერს, რომ მხოლოდ ქალაქ ნოვოსიბირსკში 200-ზე მეტი დემონსტრანტი იქნა დაკავებული, ასამდე ადამიანი კი ქალაქ კრასნოიარკში დააკავეს.
გარდა ამისა, „ბიბისი“ OVD-Info-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, ომის შეწყვეტის მოთხოვნით რუსეთის ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 8 ათასი მოქალაქეა დაკავებული.
მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქეები ომის შეწყვეტის მოთხოვნით, დაკავებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწოდების შემდეგ გამოვიდნენ.