მედიის ცნობით, რუმინეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს
მედიის ცნობით, რუმინეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს

რუმინელმა სამხედროებმა რუმინეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს, – ამის შესახებ „ევრიპეისკაია პრავდა“ რუმინულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

მედია იუწყება, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები ტულჩეას ოლქის სოფელ პლაურუსთან აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხედროებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღეს ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების შესაძლო არსებობის შესახებ, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 2,5 კილომეტრში.

შემთხვევას რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსული სამხედროების მიერ გამოყენებული თვითმფრინავების ახალი ფრაგმენტების აღმოჩენა მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა რუმინეთის სუვერენული საჰაერო სივრცის სრულიად მიუღებელ დარღვევას.

„მე მკაცრად ვგმობ ამ ინციდენტს, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის თავდასხმებით დუნაის უკრაინის პორტებზე. რუმინეთი ძალიან კარგად არის დაცული ნატო-ს ფარგლებში და სარგებლობს უსაფრთხოების უძლიერესი გარანტიებით ჩვენ ისტორიაში. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის ფედერაციის განმეორებით თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის უკრაინის პორტებზე რუმინეთის საზღვართან. ეს ღრმად გაუმართლებელი თავდასხმები არღვევს საერთაშორისო კანონს და წარმოადგენს ომის დანაშაულს“, – აღნიშნა იოჰანისმა.

ცნობისთვის, 4 სექტემბერს უკრაინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზმაილსა და რენიზე „შაჰიდით“ თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. რუმინულმა მხარემ თავდაპირველად კატეგორიულად უარყო ინციდენტი, თუმცა, 6 სექტემბერს რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე, დუნაის ნაპირებთან, უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევების მსგავსი ფრაგმენტები აღმოაჩინეს და ექსპერტიზას გადასცეს. ამის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ საჭიროა სასწრაფო გამოძიება და დადასტურების შემთხვევაში, რუმინეთი სიტუაციას „აბსოლუტურად მიუღებლად“ განიხილავს.