მედიის ცნობით, პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ წარდგენილ მოთხოვნებზე აშშ-ისა და ნატო-ს წერილობით პასუხებში მთავარი საკითხები უგულებელყოფილი იყო
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ რუსეთის მიერ წარდგენილ მოთხოვნებზე ამერიკისა და ნატო-ს წერილობით პასუხებში მთავარი საკითხები უგულებელყოფილი იყო.
„უგულებელყოფილი იყო ძირითადი საკითხები: როგორ აპირებენ ამერიკელები და მათი მოკავშირეები უსაფრთხოების მთლიანობის პრინციპთან დაკავშირებით ეუთო-სა და რუსეთი-ნატო-ს საბაზისო დოკუმენტებში არსებული პრინციპის დაცვას. არავინ უნდა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ამერიკისგან და ნატო-სგან მიღებულ წერილობით განმარტებებს სწავლობს, რის შემდეგაც გადაწყდება მოსკოვის სამომავლო ქმედებები.