მედიის ცნობით, პოლონეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს შეღავათების ნაწილს მოუხსნის
პოლონეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს შეღავათების ნაწილს მოუხსნის. როგორც პოლონური მედია წერს, მთავრობა გეგმავს ცვლილებებს კანონში, რომელიც უკრაინელი მოქალაქეების დახმარებას განსაზღვრავს. კერძოდ, უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვინც ომის დაწყების შემდეგ პოლონეთში ჩავიდა, ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომრის მიღება მოუწევს.
მედიის ცნობით, მათ შეეზღუდებათ წვდომა სოციალურ შეღავათებთან და დანახარჯების ნაწილის დაფარვა თავად მოუწევთ.
„ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ლტოლვილების საცხოვრებლებს სამუდამოდ. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს 80 000 ლტოლვილი, რომლებიც საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ“, – განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
2023 წლის თებერვლიდან ამ საცხოვრებლებში 120 დღეზე მეტხანს მყოფ უკრაინელებს კომუნალური გადასახადების 50%-ის, ხოლო 2023 წლის მაისიდან 75% გადახდა მოუწევთ. ამასთან. როგორც პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ სოციალური დაცვის სააგენტო და ადგილობრივი მთავრობა მეტ ინფორმაციას მიიღებს იმ უკრაინელებზე, ვინც პოლონეთში ჩადის. როგორც მედია წერს, შესაბამისად, მეტი ბერკეტი გაუჩნდებათ, რათა სოციალური შეღავათებით უკანონოდ სარგებლობის შემთხვევები აღმოიფხვრას