მედიის ცნობით, პიტერ სიიარტომ ევროპა „ომის გლობალიზაციაში“ დაადანაშაულა, უკრაინის საგარეო უწყებამ კი ბრიუსელს მოუწოდა, ბუდაპეშტს განმარტება სთხოვოს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროპა „ომის გლობალიზაციაში“ დაადანაშაულა.
ჰონგ კონგში „სარტყელის და გზის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპული პოლიტიკა უკრაინის მიმართ და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არის სრული წარუმატებლობა და პოლიტიკოსების წინადადება ჩინეთთან რისკის მოშორების შესახებ ევროპის ეკონომიკისთვის ნოკაუტი იქნება.
სიიარტოს თქმით, ევროპა იხდის უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ფასს, რადგან ევროპელი ხალხი კვდება, ინფრასტრუქტურა ინგრევა და ეკონომიკა დიდ ზარალს განიცდის. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სანქციების მიზნები, კერძოდ, რუსეთზე ზეწოლა და ომის დასრულება, მიღწეული არ არის და ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა „ყოველდღე ეცემა“.
პიტერ სიიარტოს განცხადებებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე დეზინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის წინააღმდეგ და მოუწოდებს ბრიუსელს, განმარტება სთხოვოს ბუდაპეშტს მის განცხადებებთან დაკავშირებით.