მედიის ცნობით, პენტაგონმა აშშ-ის კონგრესი გააფრთხილა, რომ მათ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად სახსრები ეწურებათ
პენტაგონმა აშშ-ის კონგრესი გააფრთხილა, რომ მათ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად სახსრები ეწურებათ.
მედიის ცნობით, ამის შესახებ კონგრესის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ საფინანსო საკითხებში, მაიკლ მაკკორდმა პალატისა და სენატის ლიდერებს განუცხადა, რომ იმ 25,9 მილიარდი დოლარიდან, რომელიც კონგრესმა გამოყო უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის აღსადგენად, ახლა 1,6 მილიარდი დოლარი დარჩა.
მაკკორდმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მთლიანად ამოწურა კიევის ის გრძელვადიანი დაფინანსება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს თანხებს იარაღის სამომავლო მიწოდების ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დასძინა, რომ დამატებითი დაფინანსების გარეშე, აშშ იძულებული იქნება შეაჩეროს ან შეამციროს საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალის, თვითმფრინავების და სპეციალური აღჭურვილობის მიწოდება, რომლებიც „კრიტიკული და გადაუდებელია ახლა, რადგან რუსეთი ზამთრის შეტევისთვის ემზადება“.