მედიის ცნობით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-მა გამოძიება დაიწყო
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შიდა მოკვლევა მიმდინარეობს პენტაგონშიც, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
გავრცელებული ცნობით, ასობით დოკუმენტი, რომლებიც აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს, სოციალურ პლატფორმებზე გავრცელდა.
ანონიმურობის პირობით სამმა მაღალჩინოსანმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ ამ გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, პრორუსული ელემენტები დგანან.
დოკუმენტები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე პერიოდით არის დათარიღებული და გრიფით საიდუმლოა, მოიცავს დეტალურ ინფორმაციას შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის უკრაინისთვის მიწოდებასა და გრაფიკზე.
ანონიმური წყაროს თქმით, აღნიშნული დოკუმენტები რედაქტირებულია და მათში რუსული მხარის მსხვერპლის რიცხვი გამიზნულად არის შემცირებული. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტში დაღუპული რუსი სამხედროები რიცხვი 16 ათასიდან 17 500-მდეა დასახელებული, მაშინ როდესაც აშშ-ის ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებებში 200 ათასს დაღუპულზე საუბრობს.
უკრაინა მისი მხრიდან ინფორმაციის გაჟონვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ბოლო წლებში რუსული სპეცსამსახურების ყველაზე წარმატებული ოპერაციები ფოტოშოპში ხორციელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, ეს დოკუმენტები შეიცავს დიდი ოდენობით ფიქტიურ ინფორმაციას. „ეს არის რუსული დაზვერვის მიერ ოპერაციული თამაშების სტანდარტული ელემენტები და მეტი არაფერი“, – აცხადებს პოდოლიაკი.