მედიის ცნობით, პედრო სანჩესი ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ადგილობრივ არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავს.
სანჩესის თქმით, არჩევნები 23 ივლისს ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას ოფიციალურად ხვალ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მიიღებენ.
„ყველაზე კარგი იქნება, რომ ესპანელებმა გამოხატონ თავიანთი აზრი ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას“, – აღნიშნა სანჩესმა.
ამას გარდა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა ადგილობრივ არჩევნებში „სოციალისტური მუშათა პარტიის“ დამარცხებაზე. „როგორც მთავრობის ხელმძღვანელი და „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის“ გენერალური მდივანი, ვიღებ პასუხისმგებლობას შედეგებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო.