მედიის ცნობით, პარიზის ცენტრში პოლიციამ პალესტინის მხარდამჭერი აქციის აღკვეთა სცადა

პარიზის ცენტრში პოლიციამ პალესტინის მხარდამჭერი აქციის აღკვეთა სცადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ასეული დემონსტრანტი შეიკრიბა. პალესტინის დროშებით ისინი პალესტინის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ისრაელის ქმედებებს აკრიტიკებდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ძალები, ასევე წყლის ჭავლის მანქანები. პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა ცხრა ადამიანი დააკავეს, მათ შორის აქციის ორგანიზატორი, 260 პირი კი, დააჯარიმეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა ქვეყანაში პროპალესტინური დემონსტრაციების გამართვა აკრძალა არეულობის თავიდან აცილების მიზნით. აკრძალვის მიუხედავად, 12 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქში პალესტინელთა მხარდასაჭერად არასანქცირებული აქცია გაიმართა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.