მედიის ცნობით, პაკისტანის ყოფილი პრემიერი იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, პაკისტანის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი გასამხედროებულმა ძალებმა ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში, სასამართლოს შენობაში შესვლის შემდეგ დააკავეს. თავად იმრან ხანი კანონის დარღვევას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ათობით საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებას ჩამოაშორეს. უსაფრთხოების ძალებმა არაერთხელ სცადეს იმრან ხანის დაკავება ლაჰორის რეზიდენციაში, მაგრამ მხარდამჭერებმა სამართალდამცველებს მისი დაკავების უფლება არ მისცეს.
იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრად 2018 წელს აირჩიეს. როგორც მედია წერს, ის დაუპირისპირდა პაკისტანის არმიას, დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში და 2022 წლის აპრილში გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მას შემდეგ იმრან ხანი ქვეყნის ხელისუფლებისა და არმიის აქტიური კრიტიკოსი იყო.