ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა
ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა პრორუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ აიღო.
„ნიდერლანდები არის პირველი ქვეყანა, რომელიც ევროპარლამენტს ირჩევს, ამიტომ ის იქნება პირველი, რომელზეც განხორციელდება თავდასხმა“, – ნათქვამია ჰაკერული ჯგუფის, HackNet-ის მიერ რუსულ ენაზე გავრცელებულ გზავნილში, რომელიც ტელეგრამარხში გამოქვეყნდა.
თავდასხმის სამიზნე იყო ცენტრისტული მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ასევე ხერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე პარტია და პოპულისტური ულტრამემარჯვენე პარტია „ფორუმი დემოკრატიისთვის“. ამ პარტიების ვებგვერდებს DDos შეტევის შედეგად პრობლემები შეექმნათ.
პოლიტიკურ პარტიებში მომხდარს არჩევნებზე თავდასხმა უწოდეს. „პოლიტიკოს“ ცნობით, HackNet-ის ჰაკერული ჯგუფი ცნობილია მოსკოვის დღის წესრიგის მხარდაჭერით. მანამდე ამ ჯგუფმა კიბერშეტევა განახორციელა შვედეთსა და ესპანეთში.