მედიის ცნობით, ხელფასების მომატების მოთხოვნით, მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა
მადრიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელფასების მომატება მოითხოვეს. როგორც „ასოშიეთედ პრესი“ წერს, აქციის ორგანიზატორები ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირები იყვნენ.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ფასების მატების გამო, ხელფასების გაზრდა აუცილებელია. პროფკავშირების თქმით, ინფლაცია მატულობს და შესაბამისად, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი იკლებს, ამიტომ აუცილებელია მინიმალური ანაზღაურების გაზრდა.
ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ესპანეთშიც ფასების მატება საწვავის გაძვირებამ გამოიწვია, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს მოჰყვა.
ესპანეთში ინფლაციის მაჩვენებელმა წელს, ზაფხულში 10,8%-ს მიაღწია, თუმცა ოქტომბერში 7,3%-მდე შემცირდა.