მედიის ცნობით, კატარის შრომის მინისტრი, რომელიც ევროპარლამენტის „კატარგეიტის“ კორუფციული სკანდალის ფიგურანტია, გაერო-ს შრომის საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარედ აირჩიეს
კატარის შრომის მინისტრი ალი ბინ სამიხ ალ მარი, რომელიც ევროპარლამენტის „კატარგეიტის“ კორუფციული სკანდალის ფიგურანტია, გაერო-ს შრომის საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარედ აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
გაერო-ს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური კონფერენცია ჟენევაში 16 ივნისამდე იმართება.
მედიის ცნობით, კონფერენციის თავმჯდომარის არჩევნები ჟენევაში გაერო-ს ერთა სასახლეში იმ დარბაზში გაიმართა, რომელიც დიპლომატებს შორის „კატარის ოთახის“ სახელით არის ცნობილი. მისი განახლება 2019 წელს სპარსეთის ყურის ქვეყანამ 22 მილიონი დოლარით დააფინანსა.
მედიის ინფორმაციით, როგორც ჩვეულებრივ ხდება, ალი ბინ სამიხ ალ მარის არჩევა კონსენსუსის საფუძველზე მოხდა, რაც ნიშნავს, რომ მისი კონფერენციის თავმჯდომარის დანიშვნის წინააღმდეგი არავინ ყოფილა, შესაბამისად, კენჭისყრა არ ჩატარებულა.
როგორც გამოცემა Swissinfo წერს, კონფერენციის პრეზიდენტის როლი ძირითადად საორგანიზაციოა, თუმცა კატარის მინისტრის არჩევამ, შესაძლოა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეპუტაცია დააზიანოს. როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ ალ მარისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, მისი სახელი ფიგურირებს ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმეში, რომელსაც ბელგიის პოლიცია იძიებს.
„კატარგეიტის“ სახელით ცნობილი საქმის ფარგლებში რამდენიმე ევროპარლამენტარი ეჭვმიტანილია კატარისგან ფულის მიღებაში, კატარის მთავრობის სასარგებლო მოქმედებებისთვის და ქვეყანაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული კრიტიკის შესამსუბუქებლად.
გასულ წელს, „კატარგეიტის“ სკანდალის გახმაურებამდე ალ მარი კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი იყო და, ზოგადად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, წელს წარდგენილ იქნა წევრი ქვეყნების მიერ თავმჯდომარის პოსტზე. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნო არ იყო ჩართული კონფერენციის თავმჯდომარის არჩევის პროცესში.