მედიის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების ახალი მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის ტაძრის მთაზე სტუმრობას პალესტინელებისა და მუსლიმების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა
მედიის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების ახალი მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის ტაძრის მთაზე სტუმრობას პალესტინელებისა და მუსლიმების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

ისრაელის უსაფრთხოების ახალი ულტრამემარჯვენე მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის ტაძრის მთაზე სტუმრობას პალესტინელებისა და მუსლიმების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, პალესტინელების მიმართ მკაცრი პოლიტიკით ცნობილი ბენ-გვირი პოლიციელებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, იტამარ ბენ-გვირის ვიზიტი იყო მისი პირველი საჯარო ქმედება მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით, მთავრობამ ფიცი დადო ხუთი დღის წინ. პარტია „ებრაული ძალის“ ლიდერი აცხადებს, რომ სურს, შეიცვალოს წესები, რათა ადგილზე ებრაელთა ღვთისმსახურება იყოს დაშავებული.

„პალესტინის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის მინისტრის ვიზიტს ალ-აქსას მეჩეთზე იერიში და უპრეცედენტო პროვოკაცია უწოდა. იტამარ ბენ-გვირის ტაძრის მთაზე სტუმრობა დაგმო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ალ-აქსას მეჩეთის წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედება უწოდა. ბორცვის მწვერვალი არის ყველაზე წმინდა ადგილი იუდაიზმში და მესამე ყველაზე წმინდა ადგილი ისლამში. ებრაელებისთვის ის ცნობილია, როგორც ტაძრის მთა, ორი ბიბლიური ტაძრის ადგილი, ხოლო მუსლიმებისთვის, როგორც ჰარამ ალ-შარიფი, მუჰამედის სამოთხეში ამაღლების ადგილი.

ებრაელებსა და სხვა არამუსლიმებს უფლება აქვთ, ესტუმრონ კომპლექსს, მაგრამ არ ილოცონ, თუმცა პალესტინელები ებრაელების ვიზიტებს აღიქვამენ, როგორც სტატუს კვოს შეცვლის მცდელობას. 2000 წელს ტაძრის მთაზე ისრაელის მემარჯვენე პოლიტიკოსის, არიელ შარონის სტუმრობის შემდეგ პალესტინელებმა „ინტიფადა“ (ამბოხება) მეორედ გამოაცხადეს. ტაძრის მთა/ჰარამ ალ-შარიფი ყველაზე მგრძნობიარე ადგილია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში.

აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ტაძრის მთა ისრაელმა 1967 წელს ახლო აღმოსავლეთის ომის შემდეგ დაიკავა. შემდგომი შეთანხმებების მიხედვით, იორდანიას უფლება მიეცა, გაეგრძელებინა თავისი ისტორიული როლი, როგორც ადგილის მცველის, ხოლო ისრაელმა აიღო კონტროლი უსაფრთხოებაზე და წვდომაზე“, – წერს „ბიბისი“.