ისრაელის მოქალაქეებს 30 ნოემბრიდან აშშ-ში უვიზოდ შეეძლებათ გამგზავრება
აშშ-ის ხელისუფლებამ ისრაელი უვიზო რეჟიმის პროგრამაში ჩასვა. ამგვარად, 30 ნოემბრიდან ისრაელის მოქალაქეებს აშშ-ში უვიზოდ შეეძლებათ გამგზავრება ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით 90 დღემდე ვადით. ამისთვის მათ მხოლოდ მოგზაურთა ქვეყანაში შესვლის ნებართვის ელექტრონულ სისტემაში (ESTA) რეგისტრაცია დასჭირდებათ.
აშშ-ში აცხადებენ, რომ, ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით, დასავლეთ ნაპირზე და აშშ-ში მცხოვრები პალესტინელი ამერიკელები ასევე შეძლებენ ისრაელში უვიზოდ ჩასვლას და ბენ-გურიონის აეროპორტით სარგებლობას.
უვიზო რეჟიმის პროგრამაში ჩასასმელად, ვაშინგტონი ქვეყნებისგან გარკვეული პირობების დაკმაყოფილებას ითხოვს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცავი საქმიანობა, იმიგრაცია, დოკუმენტების უსაფრთხოება და საზღვრის მართვა. ვაშინგტონი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-თან უვიზო რეჟიმის მისაღებად, ქვეყნები თანასწორუფლებიანად უნდა მოეპყრან აშშ-ის ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიისა.
ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ისრაელის შემთხვევაში, ეს ნიშნავს ბენ-გურიონის აეროპორტში პალესტინელი ამერიკელებისთვის თავისუფლად გასვლის უზრუნველყოფას.
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 45 ათასიდან 60 ათასამდე პალესტინელი ამერიკელი ცხოვრობს. ისრაელის ხელისუფლების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია და 15 ათასიდან 20 ათასამდე მერყეობს.
აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამაში დაახლოებით 40 ქვეყანა შედის.