მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა სამი პალესტინელი შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს, რომლებმაც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს
მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა სამი პალესტინელი შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს, რომლებმაც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს

ისრაელის ძალებმა სამი პალესტინელი შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს, რომლებმაც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ისრაელის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ ნაბლუსთან მოხდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა არმიის პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რასაც სამხედროებმა ცეცხლით უპასუხეს. დაპირისპირების შედეგად დაშავებულია ერთი ისრაელელი სამხედრო.

ბოლო თვეებში ისრაელის ძალებსა და პალესტინელებს  შორის დაძაბულობის გამო ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ისრაელის ძალებმა 81 პალესტინელი მებრძოლი და სამოქალაქო პირი მოკლეს, მათ შორის ბავშვებიც. ამავე პერიოდში პალესტინელების მხრიდან მოკლულია ისრაელის 12 მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი და ერთი პოლიციელი, ასევე უკრაინის ერთი  მოქალაქე.