მედიის ცნობით, ირანული ავიაიერიშების სამიზნე პაკისტანში ტერორისტული დაჯგუფება „ჯაიშ ალ-ზულმის“ ორი მნიშვნელოვანი შტაბი იყო
ირანული ავიაიერიშების სამიზნე პაკისტანში ტერორისტული დაჯგუფება „ჯაიშ ალ-ზულმის“ ორი მნიშვნელოვანი შტაბი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების კოორდინირებული შეტევის შედეგად ორივე შტაბი სრულად განადგურდა.
ირანული მედია წერს, რომ ტერიტორიას, რომელიც დღეს ირანის უპილოტო აპარატებისა და სარაკეტო ოპერაციების სამიზნე იყო პაკისტანში, „მწვანე მთა“ ეწოდება.
„პაკისტანის ცენტრალურ მთავრობას არ აქვს სრული კონტროლი ამ მთიან რეგიონზე და ამიტომ ტერორისტული ჯგუფები იყენებენ უსაფრთხოების არსებულ ვაკუუმს სასწავლო ბაზების, მარაგებისა და ტერორისტული აღჭურვილობის დასამზადებლად“, – წერს ირანული მედია.
საჰაერო თავდასხმა პაკისტანის მთავრობამ დაგმო და ირანს სერიოზული შედეგებით დაემუქრა.
პაკისტანის საგარეო უწყების ცნობით, ირანის მიერ მათი საჰაერო სივრცის დარღვევას ორი ბავშვი ემსხვერპლა.