მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო
ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ირანის გენერალური პროკურორის, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“.
პარალელურად, ირანის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ სასამართლო აგრძელებს ქცევითი ქმედებების მონიტორინგს. მონთაზერმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება განიხილავს ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს, რათა დადგინდეს, „სჭირდება თუ არა მას რაიმე ცვლილება“.
ე.წ. მორალის პოლიცია არის ირანის პოლიციის ერთეული, რომელსაც ევალება კანონების აღსრულება საჯარო სივრცეში ისლამური ჩაცმულობის კოდექსებისა და სხვა ქცევის შესახებ.
პოლიციამ ქუჩებში პატრულირება 2006 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც დანაყოფი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დააფუძნა. ირანის კანონმდებლობის შესაბამისად, ქალებმა და გოგონებმა უნდა ატარონ თავსაბურავი და თავისუფალი ტანსაცმელი საჯარო ადგილებში. სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციის პატიმრობაში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის ჰიჯაბის თავსაბურავის არქონის გამო დააკავეს. მაჰსა ამინის გარდაცვალებამ ირანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციები გამოიწვია.