მედიის ცნობით, ინდოეთში მაშველები 40 მუშის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც, სამ დღეზე მეტია, ჩამონგრეულ გვირაბში არიან ჩარჩენილი
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მთებში მაშველები საგზაო სამუშაოებზე დასაქმებული 40 მუშის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც, უკვე სამ დღეზე მეტია, ჩამონგრეულ გვირაბში არიან ჩარჩენილი.
როგორც „როიტერი“ წერს, მუშები უვნებლები არიან და მაშველებს მათთან კომუნიკაცია შეუძლიათ, ასევე მათ მილის საშუალებით საკვებს, წყალსა და ჟანგბადს აწვდიან, თუმცა დიდი ლოდები მათ გასათავისუფლებელ სამუშაოებს აფერხებს.
ადგილბრივი ხელისუფლების ცნობით, ვერტმფრენის დახმარებით ადგილზე საბურღ ტექნიკას ჩაიტანენ.
მუშები დასაქმებული არიან ჩარ-დჰამის გზატკეცილის მშენებლობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტად მიიჩნევა. 890 კილომეტრის სიგრძის გზამ მთებში მდებარე ოთხი ინდუისტური რელიგიური ობიექტი ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს. პროექტის ღირებულება 1,5 მილიარდი ევროა.
4,5-კილომეტრის სიგრძის მშენებარე გვირაბი კვირას ჩამოიშალა. შემთხვევის დროს გვირაბში 60 ადამიანი იმყოფებოდა. გვირაბის გასასვლელთან მყოფმა მუშებმა თავის დაღწევა შეძლეს, გვირაბის სიღრმეში მყოფი 40 ადამიანი კი შიგნით ჩარჩა.
გვირაბის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და ის 2022 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. განახლებული გეგმით, სამუშაოების დასრულება მომავალი წლის მაისისთვის იგეგმება.