მედიის ცნობით, ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 90 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის გუჯარატის შტატში ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილი ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 90 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
ინციდენტი ქალაქ მორბიში, მდინარე მაჩჰუზე მოხდა. 230-მეტრიანი ისტორიული ხიდი მე-19 საუკუნეში, ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. რემონტის გამო, ხიდი ექვსი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი და გასულ კვირას გაიხსნა.
ხელისუფლების განცხადებით, ნგრევის დროს დაკიდებულ ხიდზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ინდოეთის გუჯარატის შტატის მთავარი მინისტრის თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ინდოეთის არმიის, საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების პერსონალი ჩაერთო.