იენს სტოლტენბერგი უახლოეს დღეებში ანკარაში ჩავა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
იენს სტოლტენბერგი უახლოეს დღეებში ანკარაში ჩავა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი უახლოეს დღეებში ანკარაში ჩავა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

როგორც „ანადოლუ“ წერს, სტოლტენბერგი და ერდოღანი მოლაპარაკებების დროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

ამასთან, როგორც ოსლოში მიმდინარე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ანკარაში ვიზიტის თარიღი მალე გახდება ცნობილი.

„ჩემი გზავნილია, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება კარგია შვედეთისთვის და, ზოგადად, სკანდინავიის ქვეყნებისთვის, ბალტიის რეგიონისთვის, მაგრამ ასევე მთლიანად ნატო-სთვის და, რა თქმა უნდა, თურქეთისა და ალიანსის სხვა წევრებისთვის. ასევე, დღეიდან, პირველი ივნისიდან შვედეთში ამოქმედდა ახალი კონტრტერორისტილული კანონები. ეს აჩვენებს, რომ შევდეთი ახალ ნაბიჯებს დგამს ტერორიზმთან საბრძოლველად, მაგალითად, მათ შორის ქურთ მუშათა პარტიასთან, რომელიც არის აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად არა მხოლოდ თურქეთის მიერ, არამედ ევროკავშირისა და ბევრი სხვა სახელმწიფოს მიერ. მივესალმები შვედეთში კანონის გამკაცრებას და შვედეთისა და თურქეთის თანამშრომლობის განმტკიცებას. ეს ასევე იქნება იმის მტკიცებულება, რომ შვედეთი ასრულებს ვალდებულებას, რომელიც მან აიღო სამმხრივი მემორანდუმით, რომელიც შვედეთმა, ფინეთმა და თურქეთმა გააფორმეს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთს აქვს ლეგიტიმური შეშფოთება, რადგანაც ნატო-ს არცერთი მოკავშირე არ გამხდარა იმდენჯერ ტერორიზმის თავდასხმის მსხვერპლი, რამდენჯერაც თურქეთი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი და უნგრეთი ნატო-ს ორი წევრი სახელმწიფოა, რომლებსაც ამ დრომდე არ მოუხდენიათ ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება.