მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ კატარის დედაქალაქში მხარეებს შორის მოლაპარაკებები განახლდა
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების უზრუნველსაყოფად, კატარის დედაქალაქში მხარეებს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ Times of Israel-ი ეგვიპტური მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ეგვიპტური მედიის ცნობით, ერთმანეთს ეგვიპტის, კატარის, ამერიკის, ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლები ხვდებიან.
როგორც მედია წერს, დღევანდელი შეხვედრა პარიზში გუშინ გამართული მოლაპარაკებების ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც მხარეებმა „შეთანხმების მონახაზთან“ დაკავშირებით პროგრესის შესახებ განაცხადეს. აღნიშნული მონახაზის თანახმად, „ჰამასი“ 40-მდე ისრაელელ მძევალს, ისრაელი კი 300-მდე პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, ასევე, უნდა გამოცხადდეს 6-კვირიანი პაუზა საბრძოლო მოქმედებებში. იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასიც“ და ისრაელიც პირობებს დაეთანხმებიან, კატარის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა კაიროშია დაგეგმილი.