მედიის ცნობით, ღაზაში მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრები ღამეს თელ ავივში, სამხედრო შტაბბინასთან ათევენ და მასშტაბურ აქციას აანონსებენ
ღაზაში მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრები ღამეს თელ ავივში, სამხედრო შტაბ-ბინასთან ათევენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
როგორც მძევლების ოჯახის წევრები ამბობენ, ამ ნაბიჯით ისინი მთავრობისა და სამხედროებისგან მოითხოვენ მეტ ძალისხმევას ტყვეების დასაბრუნებლად.
მძევლების ოჯახები ითხოვენ, ისრაელმა უარი თქვას ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც არ მოიცავს მათი ოჯახის წევრების გათავისუფლებას.
„ჩვენ არ წავალთ სახლში, ვიდრე ისინი არ დაბრუნდებიან სახლში. ჩვენ ვუხმობთ ყველას, მოვიდნენ და იყვნენ ჩვენთან ერთად“, – განაცხადა მეირავ ლეშემ გორმა, რომლის ქალიშვილი ერთ-ერთი მძევალია.
ამასთან ერთად, მძევლების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თელ ავივში დღეს საღამოს მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.