გადაუღებელი წვიმის გამო გერმანიისა და საფრანგეთის ცალკეულ რეგიონებში წყალდიდობის საფრთხე კვლავ არსებობს, რის გამოც მოსახლეობას აფრთხილებენ
გერმანიასა და საფრანგეთში წყალდიდობის გამო რამდენიმე რეგიონი დაზარალდა. „ევრონიუსის“ ცნობით, გერმანიაში ყველაზე მეტად დაზარალდა საქსონია-ანჰალტის, ტურინგიისა და ქვედა საქსონიის რეგიონები.
გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეებში წყლის დონე მატულობს. რამდენიმე ქალაქში კრიტიკული მდგომარეობაა. არსებობს საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე.
საფრანგეთში წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ქვეყნის დასავლეთსა და ჩრდილოეთში მდებარე ათ დეპარტამენტში. გასულ დღეებში საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში სტიქიის გამო დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.