მედიის ცნობით, გერმანიის მთავრობა საქართველოსთან და კიდევ ხუთ ქვეყანასთან მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებას აპირებს
მედიის ცნობით, გერმანიის მთავრობა საქართველოსთან და კიდევ ხუთ ქვეყანასთან მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებას აპირებს

გერმანიის მთავრობა საქართველოსთან და კიდევ ხუთ ქვეყანასთან არალეგალური მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, საუბარია ე.წ. მიგრაციულ პარტნიორობაზე, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გერმანიაში მყოფი არალეგალი მიგრანტების სამშობლოში უფრო სწრაფად დაბრუნებას გულისხმობს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ, საქართველოსთან ერთად, ასეთივე შეთანხმების გაფორმება იგეგმება მოლდოვასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი განმარტავს, შეთანხმების გაფორმების შედეგად არალეგალი მიგრანტების რიცხვი უნდა შემცირდეს და ამავე დროს ახალი შესაძლებელობები გაჩნდეს გერმანიაში ლეგალური გზით მიგრაციისთვის.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, საქართველოსთან და მოლდოვასთან ამ საკითხზე შეთანხმების გაფორმება პრიორიტეტულია, რადგანაც იმ პირთა შორის, რომელთაც გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ, 10 პროცენტზე მეტი სწორედ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეა.

გამოცემა წერს, რომ 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში გერმანიაში თავშესაფრის მიღების სურვილი საქართველოს 7 405-მა მოქალაქემ გამოთქვა. მათივე ცნობით, თბილისსა და კიშინეუში გერმანიის მთავრობასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებების მზაობა გამოთქვეს.