მედიის ცნობით, გერმანიის მცხოვრებმა 62 წლის მამაკაცმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 29 თვის განმავლობაში 217-ჯერ გაიკეთა
მედიის ცნობით, გერმანიის მცხოვრებმა 62 წლის მამაკაცმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 29 თვის განმავლობაში 217-ჯერ გაიკეთა

გერმანიის მცხოვრებმა 62 წლის მამაკაცმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ სამედიცინო ჟურნალ The Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ვაქცინები 29 თვის განმავლობაში კერძოდ შეიძინა და მედიკოსების რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ გაიკეთა.

ერლანგენ-ნირემბერგის უნივერსიტეტის მკვლევრების ცნობით, მამაკაცს არანაირი გვერდითი მოვლენები არ ჰქონია. ასევე კვლევებში არანაირი ნიშანი არ ყოფილა, რომ ის ოდესმე დაინფიცირებული იყო კორონავირუსით.

საკითხით უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები დაინტერესდნენ და მამაკაცს სხვადასხვა კვლევა, ანალიზი ჩაუტარეს. მკვლევრების თქმით, იმის მიუხედავად, რომ პაციენტს გვერდითი ეფექტები არ გამოუვლინდა, ისინი ჰიპერვაქცინაციას არარეკომენდებულად მიიჩნევენ.

„მიმდინარე კვლევები აჩვენებს, რომ სამდოზიანი ვაქცინაცია მოწყვლადი ჯგუფებისთვის, დამატებითი რეგულარული აცრებით, რჩება უპირატეს მიდგომად. არანაირი მინიშნება არ არის, რომ საჭიროა მეტი ვაქცინის გაკეთება“, – ნათქვამია უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.