მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები და იერიშები 13 რაიონში მოიგერიეს
მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 13 რაიონში მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები და იერიშები.
გავრცელებული ცნობით, განხორციელდა 10 სარაკეტო და 26 საავიაციო დარტყმა, მათ შორის ზაპოროჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რუსულმა ძალებმა 81-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ოჩაკოვეში. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
საოკუპაციო ძალები შეტევით ღონისძიებებს ახორციელებენ ბახმუტის, ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე, ხოლო თავდაცვით პოზიციას ინარჩუნებენ ლიმანის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მხარეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით კი ბახმუტთან, ვითარება მწვავეა.
„ვითარება ფრონტზე და განსაკუთრებით დონბასში, ბახმუტთან და უგლედართან ძალიან მწვავეა. ოკუპანტები მხოლოდ ჩვენს პოზიციებს კი არ ესხმიან – ისინი მიზანმიმართულად და მეთოდურად ანადგურებენ მათ გარშემო არსებულ ქალაქებსა და სოფლებს არტილერიით, თვითმფრინავებითა და რაკეტებით. რუსეთის არმიას არ აქვს განადგურების საშუალებების დეფიციტი. ამის შეჩერების ერთადერთი გზა ძალისმიერია. ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც დონბასის მიმართულებებზე თავდაცვას ინარჩუნებენ, ნამდვილი გმირები არიან. თითოეულ თქვენგანს მადლობას ვუხდი სიმამაცისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.