მედიის ცნობით, გარდაიცვალა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ-ს) უფროსი იგორ კორობოვი გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, იგორ კორობოვი 62 წლის ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა. კორობოვი გენერალ პოლკოვნიკის ჩინს ატარებდა და ის რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილეც იყო. ასევე კურირებდა დაზვერვის სტრატეგიას.
კორობოვის დაქვემდებარებაში იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყველა რეზიდენტურა საზღვარგარეთ.
2016 წლიდან კორობოვი სირიაში მყოფი რუსი მზვერავების ქმედებებს უწევდა კოორდინაციას.
2018 წელს, სექტემბერში კორობოვი აშშ-მა “შავ სიაში” შეიყვანა იმ პირებთან ერთად, რომლებიც აშშ-ის არჩევნებში ერეოდნენ.
შეგახსენებთ, აშშ-ი და მისი მოკავშირეები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს არაერთ დანაშაულში სდებენ ბრალს. მათ შორის სოლსბერიში რუსი ყოფილი ორმაგი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში.