გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციაში აშშ ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას ითხოვს
გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციაში აშშ ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას ითხოვს. როგორც „ბიბისი“ წერს, ამავე ტექსტში ვაშინგტონი აფრთხილებს ისრაელს, არ დაიწყოს შეტევა ქალაქ რაფაჰის მიმართულებით, სადაც ღაზის მილიონზე მეტი მცხოვრები აფარებს თავს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აშშ თავს იკავებდა რეზოლუციებში ტერმინ „ცეცხლის შეწყვეტის“ გამოყენებისგან. აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე მოლაპარაკებები გაერო-ში ამ კვირაში დაიწყება, თუმცა ჯერ უცნობია, როდის გაიმართება კენჭისყრა.
„ბიბისის“ ცნობით, მანამდე გაერო-მაც მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს ეგვიპტის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ რაფაჰზე შეტევისგან, რადგანაც ამან, შესაძლოა, უდანაშაულო ადამიანებს შორის დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს.
ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ რაფაჰზე შეტევის გარეშე ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ წამოწყებული ამოცანები ვერ შესრულდება. ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, რაფაჰზე იერიში 10 მარტს დაიწყება, თუ მანამდე „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ ყველა პირს არ გაათავისუფლებს.