მედიის ცნობით, გაერო-ს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე პირველად გამოვიდნენ მოწოდებით, წიაღისეული საწვავის გამოყენება შეწყდეს
გაერო-ს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე პირველად გამოვიდნენ მოწოდებით, რომ წიაღისეული საწვავის გამოყენება შეწყდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კონფერენციის შემაჯამებელ დოკუმენტში არ არის გაწერილი მკაფიო გეგმა, რა ვადებში უნდა თქვას მსოფლიომ უარი ქვანახშირზე, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე.
ამ გეგმის შედგენას კონფერენციის ბევრი მონაწილე ქვეყანა მოითხოვდა. დუბაიში მიმდინარე კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში დაძაბულ მოლაპარაკებებს მართავდნენ და შემაჯამებელი განცხადების კომპრომისული ტექსტის მიღება 13 დეკემბერს მოხერხდა. დოკუმენტში ჩაწერილია მოწოდება, რომ „ენერგეტიკულ სისტემებში წიაღისეული საწვავის გამოყენება სამართლიანი, მოწესრიგებული და დაბალანსებული გზით შეწყდეს, იმგვარად, რომ 2050 წლისთვის ამ წიაღისეულის სუფთა სახით გამოიყენება ნულამდე დავიდეს“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წიაღისეული ენერგომატარებლებიდან ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა საჭიროა სათბური აირების გაფრქვევის შესამცირებლად, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შეჩერებას. კონფერენციის მონაწილეებს შორის დავას იწვევდა ენერგიის წიაღისეული წყაროების გამოყენების შეწყვეტის შესახებ ვალდებულების დოკუმენტურად დაფიქსირება. ამ ვალდებულების აღებას მხარს უჭერენ გერმანია, ევროკავშირი და აშშ, ხოლო წინააღმდეგ გამოდიოდნენ ოპეკ-ის წევრი ქვეყნები, საუდის არაბეთი და რუსეთი.