მედიის ცნობით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უშიშროების საბჭოს დროებით წევრად ხუთი ქვეყანა აირჩიეს, ბელარუსს კი უარი უთხრეს
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უშიშროების საბჭოს დროებით წევრად ხუთი ქვეყანა აირჩიეს, ხოლო ბელარუსს უარი უთხრეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრების გადაწყვეტილებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან ორი წლის განმავლობაში გაერო-ს უშიშროების საბჭოში შევლენ ალჟირი, გვინეა, სიერა-ლეონე, სლოვენია და სამხრეთ კორეა.
როგორც მედია წერს, კენჭისყრის დროს ალჟირის, გვინეას, სიერა-ლეონეს და სამხრეთ კორეას უშიშროების საბჭოს წევრობა არავის გაუპროტესტებია, ხოლო სლოვენიამ ბელარუსზე მეტი ხმა მიიღო.
გაერო-ს წესდების მიხედვით, უშოშროების საბჭოში გეოგრაფიული მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოები რეგიონების მიხედვით ჯგუფებად არიან დაყოფილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნის უშიშროების საბჭოში გაწევრიანებას რეგიონული ჯგუფის შიგნით მოწინააღმდეგე არ ჰყავს, მან მაინც უნდა მიიღოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრთა ხმების 2/3.
კენჭისყრის დროს გვინეამ მიიღო 191 ხმა, სიერა-ლეონემ – 188, ალჟირმა – 184, სამხრეთ კორეამ -180, სლოვენიამ – 153, ხოლო ბელარუსმა 38 ხმა.