მედიის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას, შესაძლოა, ხვალ მხარი დაუჭიროს
ევროკომისიამ ევროკავშირის მიერ გაყინული თანხებიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას, შესაძლოა, ხვალ მხარი დაუჭიროს. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრული გამოცემა Nepszava რამდენიმე დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამისთვის სამშაბათს უნგრეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს სასამართლო რეფორმის ბოლო ელემენტი, რომელსაც ბრიუსელი ითხოვს.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირს უნგრეთისთვის განკუთვნილი 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა აქვს გაყინული კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში უნგრეთმა გარკვეული ზომები გაატარა, რათა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბრიუსელის უკმაყოფილება განემუხტა. დარჩენილია რეფორმის ერთ-ერთი ელემენტის დასრულება, კერძოდ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნგრელ მოსამართლეებს ჰქონდეთ შეუფერხებელი წვდომა ევროკავშირის სასამართლოსთან.
უნგრული გამოცემის ცნობით, ევროკომისიის ექსპერტებს აქვთ ეჭვები სასამართლო რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კომისიის წევრები ტექნიკურ დონეზე გამოთქმულ შეშფოთებებს არ იზიარებენ და ოთხშაბათს მოსალოდნელია, რომ ევროკომისია უნგრეთის მთავრობისა და პარლამენტის რეფორმას დადებითად შეაფასებს.
უნგრეთი თანხას არა ერთიანად, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღებს. ევროკავშირმა გადახდა შეიძლება, ნებისმიერ მომენტში შეაჩეროს, თუკი უნგრეთის მხრიდან მოხდება ევროკავშირის სტანდარტების დარღვევა.